მთავარი » 2011 სექტემბერი 3 » როგორ გადაარჩინა ჩაიმ ინგლისი გალოთებას
12:04 როგორ გადაარჩინა ჩაიმ ინგლისი გალოთებას | |
ჩაის ისტორია 5000 წლის წინ ჩინეთში დაიწყო. თავდაპირველად ჩაის ღეროსა და ფოთოლს არ არჩევდნენ და მას სუპივით ხარშავდნენ (გარკვეულ რეგიონებში ჩაის ახლაც ასე აყენებენ). ეს ეტაპი საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. ჩინეთში ბუდიზმის აღმოცენებასთან ერთად ჩაიზე მოთხოვნაც გაიზარდა. ბერებისთვის ის მთავარი სასმელი იყო. ლეგენდის მიხედვით, მედიტაციის დროს რომ არ დასძინებოდათ, ბერები ჩაის მიირთმევდნენ. თანდათან გაჩნდა მოთხოვნა ჩაის ტრანსპორტირებაზეც. მისი მოწყვეტა და იმ დღესვე სადმე წაღება შეუძლებელი იყო, ამიტომ ჩაის დაფქვის ტექნოლოგია შეიმუშავეს. ჩაის ფხვნილს ჯერ ცივ წყალში ხსნიდნენ, ხოლო შემდეგ ცხელში. ჩინელები ჩაის დასაყენებლად იყენებდნენ კვირტს და ერთ ფოთოლს, დანარჩენი ფოთლებისგან დამზადებული ჩაი დაბალხარისხიანად მიიჩნეოდა. დროთა განმავლობაში ჩაის სმა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცა. შესაბამისად გაჩნდა მოთხოვნილება დახვეწილ ჭურჭელზე, რომელსაც თიხისა და ფაიფურისგან ამზადებდნენ. თუ ასეთ ჩაიდანს დიდი ხნის განმავლობაში იხმართ, მისი კედლები ამ ნაყენს შეიწოვს და მხოლოდ მდუღარეც რომ ჩაასხათ, იგივე არომატი და გემო ექნება, როგორიც ჩაის დაყენების შემთხვევაში. ამას ჩინელები თეთრი ჩაის დალევას ეძახიან. საინტერესო ფაქტია ისიც, რომ ადრე ჩაის სხვადასხვა სახელი ერქვა. მაგალითად, რუსეთში, ჩაი ჩრდილოეთ ჩინეთიდან შეჰქონდათ და მას "ჩაი" ეწოდებოდა (რაც ახალგაზრდა ფოთოლს ნიშნავს). ინგლისში ჩაის იმპორტი სამხრეთ ჩინეთიდან ხდებოდა, სადაც კანტონურ დიალექტზე საუბრობენ და ჩაი ჟღერს, როგორც "თი", ამიტომ ინგლისელები მას დღესაც თის ეძახიან. მონღოლები კი ცაის უწოდებენ. მას შემდეგ, რაც ჩინელებმა ინგლისელები გააძევეს, ამ უკანასკნელებმა სცადეს, ჩაი ინდოეთში გაეშენებინათ. ჩინეთიდან ჩაის ჯიშები მოიპარეს, წაიყვანეს სპეციალისტებიც, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩანაფიქრი ვერ განახორციელეს, რადგან ინდოელებს ჩაის დამზადების არაფერი გაეგებოდათ. პრობლემა ისიც იყო, რომ ჩინეთში მხოლოდ მწვანე ჩაი მზადდებოდა. ინდოეთიდან ინგლისში ტრანსპორტირების დროს კი მწვანე ჩაი ფერმენტაციას განიცდიდა. სწორედ ფერმენტირებულმა მწვანე ჩაიმ მოგვცა შავი ჩაი. ჩაის არომატიზება ინგლისელების მოფიქრებულია. ვაჭრებს ჩაი ინდოეთიდან ინგლისში გემებით მიჰქონდათ, გემებში კი ნესტი იყო და ჩაი ფუჭდებოდა. გაფუჭებული ჩაის გემო რომ დაეფარათ, დაიწყეს ჩაის არომატიზება ბერგამოტით (იტალიის ერთ–ერთ ქალაქ ბერგამოში მსხლის ჯიშს ჰქვია). თანდათან კი სხვა არომატების გამოყენებაც დაიწყეს. ჩაი კარგად მოქმედებს ალკოჰოლის წინააღმდეგ. მე–19 საუკუნეში ინგლისსა და შოტლანდიაში ალკოჰოლიზმი დიდი პრობლემა გახლდათ. ინგლისელებმა გამოიყენეს ჩაის ეს თვისება და სახელმწიფო სამსახურში მყოფები დაავალდებულეს, ჩაი ესვათ. იმ დროისთვის ინგლისელ ჯარისკაცებს მცირე რაოდენობით ალკოჰოლი ეძლეოდათ. ინგლისელებმა პირველებმა აკრძალეს ეს ტრადიცია და ალკოჰოლი ჩაით ჩაანაცვლეს. ასე გადაარჩინა ჩაიმ ინგლისელები გალოთებას. აღსანიშნავია, რომ ინგლისის დედოფალი ჩაის მოყვარულია და ჩინურ ჩაის "ტიან ჰუნს" სვამს. ეს ჩინური წითელი ჩაია, მაგრამ ინგლისში შავ ჩაის უწოდებენ. საქართველოში ჩაი 180 წელია არსებობს. 1833 წელს საქართველოში ჩაის პირველი ბუჩქი დაირგო. ადრე საქართველოს ჩაის პლანტაციები რუსეთს ეკუთვნოდა და მის განვითარებაზე დიდად არ ზრუნავდნენ. ქართულ ჩაის თავისი დამახასიათებელი გემო და სუნი აქვს და სხვა ქვეყნის ჩაისგან გამოირჩევა. ბევრი ძებნის შემდეგ იპოვეს პირველი დოკუმენტი, რომელშიც ჩაი იყო ნახსენები. ეს დოკუმენტი გაშიფრეს და ჩვენს წელთაღრიცხვამდე 770 წლით დაათარიღეს. ჩინური, ინდური და იაპონური ლეგენდები გვამცნობენ, როგორ დაიბადა ჩაის ბუჩქი. იაპონურ ლეგენდაში ის დედამიწის შექმნის დროს გაჩნდა და მზის მბრძანებლმა იან–დიმ იპოვა. ჩინური ლეგენდის მიხედვით, იმპერატორ ჩენ ნუნგს შეეშალა, ფოთლები შემთხვევით მდუღარე წყალში ჩაყარა და ნაყენიც შესაბამისად შემთხვევით მიიღო. ინდოლებს ეს ლეგენდები არ მოსწონთ და მათი მტკიცებით, ინდოელმა პრინცმა ბადჰიდჰარმა სამხრეთ ჩინეთში სეირნობისას იპოვა ჩაი. ლეგენდებს მემატიანეები არ ეთანხმებიან. ისტორიულად მოვლენები ასე განვითარდა: ჩვენი წელთაღრიცხვით ||–|V საუკუნეებში ჩინეთში ახალი მოდა გაჩნდა – ჩაის სმა. თავდაპირველად ჩაის მხოლოდ იმპერატორები და რელიგიის მსახურები მიირთმევდნენ, როგორც სამკურნალო საშუალებას მხედველობის გასაუმჯობესებლად და დაღლილობის მოსახსნელად. მოგვიანებით ჩაიხანები იაპონიაში, კორეაში, ინდოეთში, თურქეთში და მონღოლეთშიც გაჩნდა. პირველი ნაბიჯი პორტუგალიამ გადადგა და ჩინელებისგან ჩაის ფოთლები პირველმა შეიძინა. მას სხვა ბევრმა ქვეყანამ მიბაძა. ვახშმის შემდეგ ჩაის მირთმევა ტრადიციად პირველად ჰოლანდიაში იქცა. მე-17 საუკუნის დასასრულს ჩაიმანიამ მთელი ევროპა მოიცვა, მე-18 საუკუნის დასაწყისში კი ჩაი დედამიწის მეორე მხარეს, ამერიკაშიც გასინჯეს. | |
|
სულ კომენტარები: 1 | ||
| ||