მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

აქ იპოვი რასაც ეძებ!!!

პარასკევი, 27.12.2024
მთავარი » 2011 » სექტემბერი » 2 » ლიტვაში საქართველო აღიარეს – კოკოშკოვს წაგების შემდეგაც ულოცავენ
17:45
ლიტვაში საქართველო აღიარეს – კოკოშკოვს წაგების შემდეგაც ულოცავენ

"საქართველოს ნაკრები ძალიან კარგი გუნდია და ფაქტიურად დარწმუნებული ვარ, მეორე ეტაპზე ითამაშებს. ამდენად, დღევანდელი გამარჯვება ძალიან მახარებს. დიდი ალბათობით, ეს ქულა შემდეგ რაუნდშიც გადაგვყვება”, - ეს სიტყვები რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დევიდ ბლატმა კლაიპედაში გამართული ურთულესი მატჩის შემდეგ განაცხადა, რომელშიც გულშემატკივართა საოცარი მხარდაჭერის ფონზე "ფერზე მოსულ” საქართველოს ნაკრებს სენსაციამდე მცირედი დააკლდა და D ჯგუფის ფავორიტთან მხოლოდ შვიდი ქულის სხვაობით – 58:65 დამარცხდა.
უშანსოდ წაგებული პირველი ტაიმის (27:40) შემდეგ, საქართველოს ნაკრებს თამაშის გადარჩენის შანსი დასკვნით პერიოდში მიეცა, როდესაც თორნიკე შენგელიას ორქულიანისა და ზუსტი საჯარიმოს წყალობით, ჩამორჩენა ორ ქულამდე (50:52) დავიდა. აღნიშნულის შემდეგ, ქართველებს ანგარიშის გასაყაიმებლად ან წინ გასასვლელადაც კი, ზედიზედ ხუთი შეტევა მიეცათ, თუმცა, დანავსული ზღვარის დაძლევა ვერაფრით მოხერხდა.
ამ პერიოდში გუნდებმა უქულოდ 3.27 წუთი ითამაშეს, პირველი კი გონს რუსეთი მოვიდა, რომელმაც დასკვნით მეოთხედში პირველი ქულები საფინალო სირენამდე 3:50 წუთით ადრე (!) მიითვალა. ეს ანდრე ვორონცევიჩმა მოახერხა, რომელმაც მალევე ორქულიანი ჩააგდო, შუაში კი ზუსტი ტყორცნა ანდრეი კირილენკომაც მიითვალა და მატჩის ბედიც, ფაქტობრივად მაშინ გადაწყდა.
შეხვედრის მეორე ნახევარში კოკოშკოვის შეგირდებმა მეტოქეს მხოლოდ 25 ქულა კი ჩააგდებინეს, თუმცა, პირველ ტაიმში დაშვებული სხვაობის აღმოფხვრა ვერ მოხერხდა. მიუხედავად იმისა, რომ თამაშის დასაწყისში საქართველოს ნაკრები მანუჩარ მარკოიშვილის ზუსტი სამქულიანების წყალობით 6:2 დაწინაურდა, შემდეგში უპირატესობას მეტოქის იყო. ბარემ აქვე ვთქვათ, რომ "მანუმ” ჩინებული თამაში ჩაატარა და 31 წუთში 21 ქულა (4 სამქულიანი) ჩააგდო.
სამწუხაროდ, არცთუ საუკეთესო დღე ჰქონდა საქართველოს ნაკრების კაპიტან ზაზა ფაჩულიას, რომელმაც თამაშიდან 11-დან მხოლოდ 3 ტყორცნა გამოიყენა და 11 ქულას დასჯერდა. არადა, შეხვედრის საწყის ორ წუთში ზაზამ უშუალო კონკურენტ ნიკიტა შაბალკინს ორი პერსონალური ფოლი აჰკიდა და საკმაოდ ყოჩაღადაც გამოიყურებოდა. სამწუხაროდ, მეტოქის მწვრთნელმა სიტუაციას ალღო მალევე აუღო და შაბალკინი მოედნიდან გაიყვანა (იგი თამაშში აღარც ჩართულა), შეცვლაზე შესული სემიონ ანტონოვი და ტიმოფეი მოზგოვი კი ფაჩულიას მაგრად დაუდგნენ.
სხვათა შორის, თამაშის შემდეგ ბლატმა სპეციალურად აღნიშნა, ჩვენი გეგმის მთავარი ნაწილი თამაშიდან სწორედ ზაზასა და ვიქტორ სანიკიძის (10 ქულა, 8 მოხსნა) გამოთიშვა გახლდათ, რაც საბოლოო ჯამში გამოგვივიდა კიდეც, რადგან გამარჯვებას მივაღწიეთო. რუსების დამრიგებელმა მარკოიშვილისთვის მიცემული შედარებითი თავისუფლებაც ამით ახსნა, როდესაც გუნდი კონკრეტულად ორი კალათბურთელის შეჩერებაზეა მომართული, სხვებზე "გადაწყობა” რთულია საქმეაო.
მართალია, წაგება ძალიან მწარე იყო, თუმცა, საქართველოს ნაკრების გარჯაში პლიუსიც ბევრი სჩანს და ალბათ, მთავარი ეს უნდა იყოს. ქართველებმა ჩემპიონატზე ორი მატჩი ჩაატარეს და როგორც მოგებული, ასევე მარცხიანი შეხვედრების შემდეგ, საყოველთაო პატივისცემა დაიმსახურეს. ბლატს ხომ საქართველოს ნაკრების მიმართ ქათინაურები არ დაუშურებია და მაგალითისთვის ერთსაც მოვიყვანთ. თამაშის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე მიმავალ კოკოშკოვს ბელგიელთა დამრიგებელი ედი კასტილსი მიუახლოვდა და კარგი თამაში ისე ალალად მიულოცა, თითქოს საბოლოო გამარჯვებაც საქართველოს დარჩენოდეს.
მოკლედ, ის, რაც ცოტა ხნის წინ (არ დაგვავიწყდეს, რომ სულ ახლო წარსულში საქართველო B დივიზიონში თამაშობდა და ისლანდიის დონის გუნდებთან აგებდა) ძნელად წარმოსადგენი იყო, დღეს რეალობაა. საქართველოს საკალთბურთო ნაკრები ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზეა და ხელწამოსაკრავი მეტოქე არავისთვისაა. ახლა, მთავარი სტაბილურობისა და საკუთარი თავის რწმენის შენარჩუნებაა.
შეგახსენებთ, რომ ჩვენი ჯგუფის სხვა მონაწილეების მსგავსად, ხვალ საქართველოს ნაკრებიც ისვენებს, 3 სექტემბერს კი თბილისის დროით 19:00 საათზე ჯგუფის ერთ-ერთ ლიდერ სლოვენიას გაეჯიბრება. ექს-იუგებმა ტურნირის პირველ შეხვედრაში ბულგარეთს 67:59 სძლიეს, დღეს კი უკრაინასთანაც მოულოდნელად რთული ბრძოლა გადახდათ და მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმის შემდეგ 21 ქულის სხვაობით იგებდნენ, საბოლოოდ მხოლოდ 68:64 იმარჯვეს.

 

საქართველო – რუსეთი 58:65 (16:20, 11:20, 18:12, 13:13)
საქართველო: 
ვ.ბოისა (10 წ.), ფაჩულია (29 წ. 11 ქ. 5 მ.), ცინცაძე (25 წ. 2 ქ. 3 პ.), მარკოიშვილი (31 წ. 21 ქ. 3 მ.), სანიკიძე (36 წ. 10 ქ. 8 მ.); გამყრელიძე (13 წ.), შერმადინი (11 წ. 4 მ.), ჰეინსი (22 წ. 7 ქ. 6 მ.), შენგელია (8 წ. 3 ქ.), ცქიტიშვილი (15 წ. 4 ქ.).
მწვრთნელი: იგორ კოკოშკოვი.
რუსეთი: ბიკოვი (27 წ. 2 ქ. 4 პ.), შაბალკინი (1 წ.), ხრიაპა (33 წ. 1 ქ. 6 მ. 7 პ.), პონკრაშოვი (6 წ.), კირილენკო (31 წ. 20 ქ. 4 მ. 3 ჩ.); ვორონცევიჩი (10 წ. 5 ქ.), მოზგოვი (19 წ. 6 ქ.), ფრიდზონი (28 წ. 9 ქ. 4 მ.), შვედი (18 წ. 7 ქ.), ანტონოვი (8 წ. 3 ქ.), მონია (18 წ. 12 ქ. 4 მ.);
მწვრთნელი: დევიდ ბლატი.
მსაჯები: არტეაგა (ესპანეთი), იასევიჩიუსი (ლიტვა), ბირიკი (თურქეთი).
კომისარი: პილიპაუსკასი (ლიტვა).

 

13/33 (39.4%) ორქულიანი 17/33 (51.5%)
7/19 (36.8%) სამქულიანი 6/19 (31.6%)
11/13 (84.6%) საჯარიმო 13/23 (56.5.%)
31 (8 შეტევაში) მოხსნა 33 (8 შეტევაში)
პასი 17
19 შეცდომა 15
6 ჩაჭრა 6
დაფარება 2
26 პერსონალური ფოლი 22
 
მატჩის შემდეგ
მანუჩარ მარკოიშვილი: 
"რუსეთის ნაკრებს გამარჯვებას ვულოცავ. როგორც ერთიანმა გუნდმა, მათ უკეთ ითამაშეს და გამარჯვებაც დაიმსახურეს. ჩვენ კი ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, რაც ასევე მეტოქის აგრესიული თამაშის დამსახურება იყო”.
იგორ კოკოშკოვი: "მეტოქე ფიზიკურად კარგად გახლდათ მომზადებული და ეს ფაქტორი სრულად გამოიყენა. რუსეთის ნაკრები მოედნის ყველა ნაწილში აგრესიულად გვეთამაშებოდა. ძალიან ათლეტური ნაკრებია. თუმცა, ჩემი გუნდის ასპარეზობით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ. პირველი ტაიმის შემდეგ დაფიქსირებული არცთუ სასიამოვნო ანგარიშის მიუხედავად, მატჩში "დაბრუნება” მოვახერხეთ. ბიჭებს მადლობას ვუხდი. მათ  ბოლომდე იბრძოლეს”.
სერგეი ბიკოვი: "ვიცოდით, რომ საქართველოს ნაკრებს კარგი შემსრულებლები ჰყავს. მათი თამაში კარგად გავარჩიეთ, თუმცა გამარჯვებითვის იოლად ნამდვილად არ მიგვიღწევია. დიდი ბრძოლა იყო. ყოჩაღ, ქართველებს. ბოლოს მთელი ენერგიის დახარჯვა მოგვიხდა, გადამწყვეტ მომენტში გავძელით და მოვიგეთ”.
სერგეი მონია: ”არც არავინ ელოდა, რომ იოლი მატჩი იქნებოდა. შეხვედრის წინ მწვრთნელი სწორედ ურთულესი თამაშისთვის გვამზადებდა. საქართველოს ნაკრებმა საკუთარი ძალა ბელგიასთან პირველი ტურის შეხვედრაში დაამტკიცა და დღესაც ბოლომდე მაგრად დაგვიდგა. ძალიან კარგი გუნდია”.
ანდრეი კირილენკო: "ისე გამოვიდა, რომ მატჩის მოგება ორჯერ მოგვიხდა. პირველი ტაიმის შემდეგ ცამეტი ქულით წინ ვიყავით და თითქოსდა, მეტოქე გატეხილი გვყავდა, მაგრამ შემდეგ რატომ მოვდუნდით, ვერ გამიგია. ახალგაზრდული გუნდი გვყავს და ალბათ, დროზე ადრე ამიტომ მოვეშვით. გადამწყვეტი მომენტი მაშინ იყო, როდესაც ქართველებმა ანგარიშში ჩამორჩენა ორ ქულამდე დაიყვანეს და წონასწორობის აღდგენის შანსიც რამდენჯერმე ჰქონდათ. კარგია, რომ ამ დროს დაცვაში მაქსიმალური კონცენტრაცია გამოვიჩინეთ და მეტოქეს წინ გასვლის საშუალება არ მივეცით”.
დევიდ ბლატი: "შემიძლია ვთქვა, რომ ჩემმა გუნდმა განსაკუთრებით პირველ ტაიმში ჩინებული თამაში აჩვენა. ყველაფერს სათანადო დონეზე ვაკეთებდით, ბურთი სწრაფად მოძრაობდა და ბიჭები ერთმანეთს კარგ შესატევ პოზიციებს უქმნიდნენ. ყოველივე ამის ფონზე, საქართველოს ნაკრები აუცილებლად უნდა შევაქო. მათ იმდენი მოახერხეს, რომ ჩვენი კარგი თამაშის მიუხედავად, ბოლომდე გვდიეს და ბევრი გვანერვიულეს. მჯერა, საქართველოს ნაკრები მეორე ჯგუფურ ეტაპზეც ითამაშებს, ამდენად, ძალიან მიხარია, რომ დღეს აღებული ქულა იმ რაუნდშიც გადაგვყვება”.

 

დათო მანჯავიძე კლაიპედადან

კატეგორია: სპორტი | ნანახია: 985 | დაამატა: anamigro | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: